„კულინარიული მოგზაურობა აჭარაში" - ასე ჰქვია კულინარიულ გზამკვლევს,რომელშიც 110-მდე კერძია შეტანილი. წიგნი,რომელიც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ მოამზადა, ნაკლებცნობილი და მივიწყებულ კერძებს, დესერტებისა და წასახემსებლების რეცეპტები, ფოტოები და კერძთან დაკავშირებული ტრადიციები განთავსებული.

აჭარული კერძების კულინარიული გზამკვლევის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც ტურისტული სექტორისა და მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ქობულეთური, ლაზური და მთიანი აჭარის კულინარიული სივრცეები, სადაც სტუმრებს ტრადიციული კერძების დაგემოვნების საშუალება ჰქონდათ. გარდა ამისა, სპეციალურად ღონისძიებისთვის მოწვეულმა ცნობილმა შეფმზარეულებმა სტუმრებს აჭარული კერძების თანამედროვე ინტერპრეტაციები შესთავაზეს.

კულინარიული ექსპედიციისას ჩატარებულმა კვლევამ ისეთი კერძებისა და დესერტების გაცოცხლებას შეუწყო ხელი, რომლებსაც ადგილობრივებიც აღარ იცნობენ და იყენებენ კვებისას. სირვალი, მოთრიელა, ჭინჭრიბუხი, ფესტილშორვა, ქათმის ფიფინა, ყაფლამა იმ კერძებს შორისაა, რომელთა რეცეპტებსაც დაინტერესებული პირები კულინარიულ გზამკვლევში ნახავენ.

ვინაიდან აჭარული სამზარეულო კერძების ნაირგვარობით და ლოკალური თავისებურებებით ხასიათდება, კულინარიული კვლევა მუნიციპალიტეტების, ხეობებისა და იალების მიხედვით განხორციელდა. ის მოიცავს როგორც ზემოაჭარულ, ისე ქობულეთურ და ლაზურ კულინარიას. გზამკვლევში წარმოდგენილი მთავარი კერძი, დესერტი, საწებლები, მურაბები, მარინადები, რძის ნაწარმი, წასახემსებლები, ღვინის სახეობები და ყურძნის წვენისგან დამზადებული სხვა პროდუქტები. ავთენტური სამზარეულოს აღდგენის მიზნით აჭარული სამზარეულოს ინვენტარი და ჭურჭელიც შეისწავლეს.

კულინარიული გზამკვლევი ერთის მხრივ აჭარის მრავალფეროვანი კერძების პოპულარიზაციას, მეორეს მხრივ კი მათ მენიუებში შატანას შეუწყობს ხელს. 


არ ხართ რეგისტრირებული? რეგისტრაცია

პაროლის აღდგენის ბმულს მიიღებთ ელ. ფოსტაზე.